მარნეულის საბავშვო ბაღებში ხორცი მხოლოდ მენიუს ჩამონათვალშია
„დღეს გუფთა ეწერა მენიუში და არ გვაქვს“, „ხორცი საერთოდ არ მოსულა ბაღში რაც ვმუშაობთ“, „მენიუს ნუღა მკითხავთ და დარღვევებს“ „დილის ქაშის მენიუც შეამცირეს“ - ამ კომენტარებს მარნეულის საბავშვო ბაღის პედაგოგები აკეთებენ და ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც 2021-2022 სააღმზრდელო პროცესი განაახლეს, დაწესებულებაში ხორცისგან არაფერი მომზადებულა.


მარნეულელმა მშობელმა, ნონა სამხარაძემ, 13 ოქტომბერს, "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პირად შეტყობინებებში აღმზრდელები ბაღებში შეუსაბამო კვების რაციონზე წერდნენ. გაბრაზებულმა მშობელმა დახმარების თხოვნით უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიმართა.



მსგავსი წუხილებით რადიო „მარნეულსაც“ მოწერეს. პედაგოგებმა გვთხოვეს, რომ მათი სახელები არსად გამოჩენილიყო და ანონიმურობა დაგვეცვა. ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი გვიყვება, რომ ყოველდღიურად, ბაღში გამოკრული მენიუ ჩამონათვალს არ შეესაბამება და ბავშვებს მცირე ულუფების ჭამა უწევთ.

„რამდენიმე დღის წინ გამოკრულიი გვქონდა კედელზე, რომ გუფთა უნდა ყოფილიყო რაციონში. რელურად სუპი ვაჭამეთ, კარტოფილიც კი არ იყო ნორმალურად“ - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.



მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანებაში ფაქტს არშემდგარი ტენდერებით ხსნიან. შესყიდვების საიტზე შესულებს გაერთიანების მიერ გამოცხადებული 3 წარუმატებელი ტენდერი დაგვხვდა. საქონლის ხორცის და ქათმის ფილეს შეძენა მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფმა „შპს“-მ 21 ივლისს, 6 სექტემბერს და 21 სექტემბერს 25 648 ლარად სცადა, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო.



მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი სიტუაციის გამოსწორებას მომავალი კვირიდან გვპირდება. ამბობს, რომ ხორცს გადაუდებელი აუცილებლობით იყიდიან.

“მომავალში არანაირი პრობლემა არ იქნებაა. გადაუდებელ შესყიდვას გავაკეთებთ. რაც შეეხება მენიუს, მენიუ დამტკიცებულია კანონების და წესების შესაბამისად. 10 დღიანი მენიუ არის უნივერსალური ყველა ბაღისთვის, მაგრამ როცა არის რაღაც შეფერხება ჩვენ არ ვაძლევთ იმ მენიუს, სადაც შეიძლება იყოს შეფერხება და მომავალ მენიუს აკრავენ. ახლა, როცა შეფერხება აღმოიფხვრება აღარ იქნება არანაირი პრობლემა“ - ამბობს ქარამოვი

მარნეულის ბაგა-ბაღების  გაერთიანებაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედ 11 საბავშო ბაღს ხორცს 18 ოქტომბერს, დაჩქარებული წესით  მიაწვდის. რატომ არ გამოიყენა დაწესებულებამ გადაუდებელი წესის შესყიდვის მექანიზმი აქამდე - უცნობია.

დაგეგმილია 224 კილოგრამი საქონლის ძვლიანი ხორცის, 672 კილოგრამიი რბილი ხორცის და 672 კილოგრამი ქათმის ფილეს შეძენა. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები