რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში
რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაში? “ნეტგაზეთის” მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 38’500 იყო, მაქსიმუმ კი — 57’600.

დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც”ნეტგაზეთმა” გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.

მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე.

ტერიტორია თავისუფლების მოედნიდან მეტრო თავისუფლებამდე

14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ თავისუფლების მოედანსა და პუშკინის სკვერს თავისი მიმდებარე ტერიტორიით, ასევე, რუსთაველის გამზირის ნაწილს მეტროსადგურ თავისუფლების მოედნამდე.

საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი, წმინდა გიორგის მონუმენტის გამოკლებით, 19’200 კვ.მ.-ს შეადგენს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო მონაკვეთები, სადაც დემონსტრანტების მკვეთრი სიმჭიდროვე შეიმჩნეოდა, თუმცა ზოგიერთ ადგილას აქციის მონაწილეები მეჩხრად იდგნენ. ამიტომაც, ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 2-ზე, 2.5-სა და 3-ზე.

მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ 14 ოქტომბერს აქციაში, მინიმუმ, 38’500 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 48’000, მაქსიმუმ კი — 57’600.



აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რიცხვს. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზემოხსენებული მეთოდით “ნეტგაზეთმა” მხოლოდ მიახლოებითი ოდენობა დათვალა.

რა ხდება?

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 14 ოქტომბრის საღამოს დაიწყო.

დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ იგი შიმშილობს.

გუშინ, 13 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ექიმთა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში, დააკვირდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია