მირტაგი ასადოვმა სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუდლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს შეიხმა მირტაგი ასადოვმაც მოაწერა. ასადოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პეტიციას ხელი ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე მოაწერა, რადგან თვლის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

"ჩვენს მიერ პეტიციაზე ხელის მოწერას არანაირი პოლიტიკური ხედვა არ აქვს, უბრალოდ ადამიანისთვის მოვაწერეთ ხელი. ადამიანურად მოვეკიდეთ ამ საქმეს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სააკაშვილიც აპროტესტებს მის მიმართ განხორციელებულ უსამართლო დაკავებას. არ ეთანხმება მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს, ამიტომ გამოაცხადა შიმშილობა. ჩვენც რელიგიურადაც და სინდისითაც ვალდებულები ვართ ყველას მოვწოდოთ ამის შეჩერება“.

შეიხის განმარტებით, თუ რაიმე ტრაგედია მოხდება ცუდი იქნება, რადგან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილზე თვალის დახუჭვას ცუდი შედეგი ექნება.

„ეს გამოუწვევს ისეთ შედეგებს, რომელსაც წინ ვერ დავუდგებით. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას რომ პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ. თუ ადამიანმა ჩაიდინა რამე დანაშაული მაშინ შეუფარდონ შინა პატიმრობა და თავად გააგრძელონ გამოძიება. ამის შემდგომ უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება“.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაიკავეს. დაპატიმრების შემდეგ ის რუსთავში მდებარე მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავებისდღიდან დაიწყო.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები