სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე თანახმაა, ის შიმშილობას აგრძელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტების მიღებაზე.

სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

“ჩემი პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით არის შემდეგი: ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით — დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან თავის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო.

ასევე, მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით — შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.

სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მრხიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც, მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სანამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, —
აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს და ის მას შემდეგ შიმშილობს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია