როგორ მოახერხა სააკაშვილმა სხვა საკანთან მისვლა - პენიტენციურის განმარტება
"მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იგი იმ საკანში იმყოფება, სადაც დაწესებულებაში შესახლებისას მოთავსდა", - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყება განმარტავს, თუ როგორ მოახერხა მესამე პრეზიდენტმა სხვა საკნის ფანჯარასთან მისვლა, საიდანაც მხარდამჭერებს მიმართა.

"დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს.

საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი; კერძოდ, "№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას.

დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს",
- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსთავის ციხეში მყოფი სააკაშვილი დღეს აქციის მონაწილეებს ციხის საკნიდან მიესალმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21 დღეა შიმშილობს.

წყარო: report.ge
Print