რა თქმა უნდა, დაგვიანებული ნაბიჯები გვაქვს, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება — სერგეენკო
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების დეპუტატი, დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში ვერ სრულდება და ამ პროცესში დაგვიანებული ნაბიჯები იყო. მისი თქმით, ვაქცინაციის კამპანია უფრო აქტიური უნდა იყოს, ისეთი, როგორიც წინასაარჩევნო კამპანიაა.

"დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გვაქვს. დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

სერგეენკოს თქმით, ახლა იმაზე საუბრის დრო არ არის, ვინ არის პასუხიმსგებელი არსებულ მდგომარეობაზე, რადგან საომარი სიტუაციაა და ამ დროს დამნაშავის ძიება არ შეიძლება — რესურსი მიმართული უნდა იყოს ბრძოლისკენ.

"ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას ჯერადობით აკლია, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე და ჩვენი საზოგადოების ყურადღება.

ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი, ვის მოვთხოვოთ სასწრაფოდ ამ ყვეალფერზე პასუხი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მოქმედებაში, ახლაც, ამ წუთას ვიმყოფებით საომარ მოქმედებაში და ვცდილობთ, დავიცვათ თავი. საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ. რეალურად ომში ვართ ახლა",
— განაცხადა მან.

სერგეენკო აცხადებს, რომ აცრებზე საინფორმაციო კამპანიისას დაფარული არ იყო მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელსაც ვაქცინაციის საჭიროებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას აქვს შესაძლებლობა, რომ 10-ჯერ ან 15-ჯერ მეტი ადამიანი აცრას, ვიდრე დღეს ცრის და ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 896, ხოლო გარდაიცვალა 29 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის, 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022 PCR ტესტით.

საკოორდინაციო საბჭოს წევრები ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები