საგამოძიებო სამსახურის თქმით, ყალბი კოვიდ-პასპორტების საქმე გახსნა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოავლინეს ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტები.

უწყების ცნობით, აღნიშნულზე პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის ერთი კი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ქ. თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდ ვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ერთეული ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდ ვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით:

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდ-პასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა“
— აცხადებენ უწყებაში.

მეორე შემთხვევაში კი, საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, იმერეთის რეგიონში მხილებულ იქნა რვა პირი, რომლებმაც, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია