“საიდან ამდენი ტანკი?”- ალიევი სომხეთის სამხედრო ტექნიკაზე
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღის ომის წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეებისადმი ვრცელ მიმართვას ავრცელებს, სადაც აზერბაიჯანის ომში მიღწევებზე და აზერბაიჯანის მიერ სომხეთის განადგურებულ სამხედრო ტექნიკაზე საუბრობს.

“მინდა, ჩემს ძვირფას ხალხს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდო. 27 სექტემბრიდან დღემდე გავანადგურეთ სომხეთის 252 ტანკი, 53 ტანკი კი სამხედრო ნადავლის სახით ხელში ჩავიგდეთ. საბოლოო ჯამში, სომხეთმა 305 ტანკი დაკარგა. მაგრამ კიდევ აქვთ. ნახეთ რამდენი ტანკი ჰყავდათ”.

ამასთან, ალიევი ვრცელ ჩამონათვალს აკეთებს იმ დანარჩენი სამხედრო ტექნიკისა, რომელიც მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ მტერს გაუნადგურა.

“კიდევ ერთხელ და ყოველთვის დავსვამ ამ შეკითხვას, სანამ პასუხს არ მივიღებ, საიდან აქვთ ფული, საიდან? ჩვენ გვაქვს ფული და ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, მთელმა მსოფლიომ იცის, რამდენი ფული გვაქვს. ყველაფერს ჩვენი ფულით ვყიდულობთ და არავისზე ვართ დამოკიდებული. სომხეთი კი საგარეო ვალებშია. მისი საგარეო ვალი 8 მილიარდ აშშ დოლარამდეა. ვინ მისცა მათ ამდენი იარაღი? რატომ არავინ კითხულობს?”, – აცხადებს ალიევი.

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ მიმართვაში ალიევს რუსეთი არ უხსენებია, უკანასკნელი წლების განმავლობაში და 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგაც, მას არაერთხელ განუცხადებია რუსეთის ფაქტორზე სომხეთისთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით.

რადენიმე თვის წინ ალიევმა სი-ენ ენ-თან საუბრის დროსაც განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, რუსეთი შეწყვეტს სომხეთის შეიარაღებას და მშვიდობის მისაღწევად ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივი განცხადების ყველა პუნქტს შეასრულებს, რაზეც მალევე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უპასუხა – “რუსეთის მხრიდან შეიარაღების მიწოდება სხვა ქვეყნებისთვის მისი [რუსეთის] სუვერენული უფლებაა. ამ მხრივ, შესაბამისი თანამშრომლობა გვაქვს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. ამასთან, ვითვალისწინებთ რეგიონში ძალთა ბალანსის აუცილებლობას”

ამასთან, ბოლო წლებში რუსეთმა აზერბაიჯანს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი მიჰყიდა. შესაბამისად, რუსეთის მიერ იარაღის მიყიდვა სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის 2020 წლის ომამდეც მგრძნობიარე საკითხი იყო მხარეებისთვის.

წყარო: ნეტგაზეთი
Print