მარნეულის მერიამ საახალწლოდ ქუჩების განათების გეგმაში 4 500 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ახალი წლის დღესასწაულისათვის მზადებას უკვე იწყებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული შესყიდვა ინდივიდუალურ მეწარმე ლაშა კვარაცხელიასთან გააფორმა. მერია კვარაცხელიასგან ქალაქგანათების დიზაინის მომსახურებას 4 500 ლარად შეიძენს.

ი.მ ლაშა კვარაცხელიამ მერიას უნდა მიაწოდოს გეგმა და ფოტოსურათები თუ როგორი უნდა იყოს მარნეულის ქუჩების განათება წინასაახალწლო პერიოდში.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ქუჩების განათების გეგმაზე მუშაობის პარალელურად მერიის თანამშრომლები გასულ წელს გამოყენებულ ნათურებსაც ამოწმებენ.

„ჩვენი თანამშრომლები უკვე ამოწმებენ წინა წლის ნათურებსაც, რომელიც კარგი იქნება იმას წელსაც გამოვიყენებთ, დანარჩენი ნათურების შესაძენად კი ტენდერს გამოვაცხადებთ. როგორც იცით, ეს საახალწლო განათება მერიამ ორი წლის წინ შეიძინა. გასულ წელსაც გამოვიყენეთ და ახლა დამატებაა საჭირო“. - განაცხადა ვუგარ მამედოვმა

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, საახალწლო ილუმინაციების განთავსებისათვის მერიის ბიუჯეტში 150 000-დან 180 000 ლარამდეა გამოყოფილი. მისი თქმით, შესაძლოა თანხის სრულიად გამოყენება საჭირო არ გახდეს, რადგან მერიას განათებების ნაწილი უკვე შეძენილი აქვს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მარნეულს კვავ ძველი ნაძვის ხე ექნება. როგორც მამედოვმა განაცხადა, ნაძვის ხე, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2019 წელს 14 400 ლარად შეიძინა, კარგ მდგომარეობაშია და ის შეცვლას არ საჭიროებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები