აფრიკის სამხრეთში კორონავირუსის ნაირსახეობის დაფიქსირების შესახებ
გავრცელებული ინფორმაციის ფონზე მსოფლიოს საფონდო ბირჟების ინდექსები
და სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს.
ამერიკული WTI ნავთობის ფასი 13%-ით ბარელზე 68,29 დოლარამდე
შემცირდა. რაც შეეხება ბრიტანულ Brent-ის მარკის ნავთობის ფასს, ის
11,2%-ით ბარელზე 71,85 დოლარამდე გაუფასურდა. ექსპერტები აღნიშნავენ,
რომ ენერგორესურსებზე ფასის კლებას იწვევს კორონავირუსის ახალი შტამის
B.1.1.529-ის გამოვლენა და ამის გამო ცალკეული ქვეყნების მხრიდან
შემზღუდავი ზომების დაწესება.
რაც შეეხება საფონდო ბირჟებს, ამერიკის საკვანძო Dow Jones-ის ბირჟამ
მუშაობა დაასრულა წლის ყველაზე დიდი ვარდნით, ის 905,04 პუნქტით
(2,5%), 34 899,34 პუნქტამდე შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა
ორი წამყვანი ამერიკული ბირჟა- S&P 500 მინუს 2,3%, 4 594,62
პუნქტამდე და Nasdaq მინუს 2,2%-ით, 15 491,66 პუნქტამდე.
რაც შეეხება ლონდონის ბირჟას, FTSE-ის ინდექსი ამავე ინფორმაციის
ფონზე შემცირებულია 3,64%-ით 7 044 პუნქტამდე. FTSE 250-ის ინდექსი კი
3,19%-იან კლებაშია 22 537 პუნქტამდე.