კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაციის ფონზე ნავთობის ფასი და საფონდო ბირჟები კლებას განაგრძობს
აფრიკის სამხრეთში კორონავირუსის ნაირსახეობის დაფიქსირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე მსოფლიოს საფონდო ბირჟების ინდექსები და სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს.

ამერიკული WTI ნავთობის ფასი 13%-ით ბარელზე 68,29 დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება ბრიტანულ Brent-ის მარკის ნავთობის ფასს, ის 11,2%-ით ბარელზე 71,85 დოლარამდე გაუფასურდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ენერგორესურსებზე ფასის კლებას იწვევს კორონავირუსის ახალი შტამის B.1.1.529-ის გამოვლენა და ამის გამო ცალკეული ქვეყნების მხრიდან შემზღუდავი ზომების დაწესება.

რაც შეეხება საფონდო ბირჟებს, ამერიკის საკვანძო Dow Jones-ის ბირჟამ მუშაობა დაასრულა წლის ყველაზე დიდი ვარდნით, ის 905,04 პუნქტით (2,5%), 34 899,34 პუნქტამდე შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ორი წამყვანი ამერიკული ბირჟა- S&P 500 მინუს 2,3%, 4 594,62 პუნქტამდე და Nasdaq მინუს 2,2%-ით, 15 491,66 პუნქტამდე.

რაც შეეხება ლონდონის ბირჟას, FTSE-ის ინდექსი ამავე ინფორმაციის ფონზე შემცირებულია 3,64%-ით 7 044 პუნქტამდე. FTSE 250-ის ინდექსი კი 3,19%-იან კლებაშია 22 537 პუნქტამდე.

წყარო: ნეტგაზეთი
Print