Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას გულისხმობს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტის დრაფტში, რომელიც ჯერჯერობით ძალაში არ შესულა, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51%-ი საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს. ცნობისათვის, დრაფტი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ავიაკომპანია Myway Airlines-ის წარმომადგენლებს გადაეცემა.

როგორც კომპანიის მთავარი იურისტი, თამარ მამფორია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, მათ სააგენტოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მისივე თქმით, კომპანიის რამდენიმედღიანი გაჩერებაც კი გამოიწვევს გაკოტრებას, ამიტომ გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე, ისინი აქტის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

„ადმინისტრაციული წარმოების საფუძველი სავარაუდოდ, იყო კორპორაციული სამართლებრივი ტრანზაქცია წილების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც დაახლოებით ორ კვირამდე ვადის განმავლობაში იყო შეუსაბამო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნასთან. ამ ორი კვირის შემდგომ ეს გასწორდა, თუმცა სააგენტოს მაინც განსხვავებული პოზიცია აქვს. ხარვეზი არასოდეს აღუნიშნავს სააგენტოს, რაც ასევე პროცედურული დარღვევაა და რაზეც შემდეგ სასამართლოშიც ვიდავებთ.

ახლა პროცედურები ასეთია - ოფიციალურად უნდა ჩავიბაროთ მათი გადაწყვეტილება, რომ ვნახო, სამართლებრივი საფუძვლები რაზე მიუთითებენ. დრაფტია თუ საბოლოო გადაწყვეტილება, იქამდე ესეც არ ვიცი. რაც ჩანს, რამდენიმე საფუძველია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც წილების თანაფარდობის დარღვევის საკითხი მგონია. როგორც კი ჩავიბარებთ გადაწყვეტილებას, კომპანია უნდა გაჩერდეს. შემდგომი სამართლებრივი პროცედურა არის ის, რომ ვასაჩივრებთ სასამართლოში ამ ბრძანებას შეჩერებაზე და მივყვებით სამართლებრივ პროცედურებს. რამე სასწაული თუ არ მოხდა, წესით ეს ექვემდებარება ავტომატურად უნდა აღვადგინოთ ფუნქციონირება დავის პერიოდში. არც კი განვიხილავთ სხვა შესაძლებლობას. თუ ეს აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირიდაპირ გაკოტრდება 1 კვირაში.

წარმოდგენა რომ გქონდეთ, 1 კვირა რომ მოცდეს კომპანია 120-130 ათასი დოლარის ზარალია. გვაქვს კონტრაქტები გადაზიდვებსა და გადაყვანებზე და ვერანაირ ოპერაციას ვერ განვახორციელებთ, ეს პოტენციურად გამოიწვევს კონტრაქტების მოშლას. პირდაპირ გეუბნებით - რამდენიმე დღე უნდა კატასტროფამდე მისვლას, გაკოტრებას. ამდენ თანამშრომელს ვასაქმებთ, რომლებიც სად წავლენ არ ვიცით, რადგან ქართული ავიაბაზარი ძალიან მცირეა და სულ ორ კომპანიას შეადგენს“, - განაცხადა თამარ მამფორიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Myway Airlines -ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა და მიზეზები განმარტა.

სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის 31 აგვისტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსისთვის“ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე, რაც განაპირობა ავიაკომპანიის მესაკუთრე იურიდიულ პირ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ში 40% წილის გასხვისებამ უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის საკუთრებაში მოექცა კომპანიის წილების 89%. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.
წყარო: BPN
Print