აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის განხილვა შედგა
ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის ინფორმაციით, აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შედგა.

მწარიაშვილის განმარტებით პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა.

Netflix-მა დაცვის მხარეს უარი უთხრა რუსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის გამოკითხვაზე და მხოლოდ სცენარისტის მიერ ჩვენების მიცემას დათანხმდა.

"სკოტი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას. Netflix-ის შუამდგომლობაში არის ის ხაზიც, რომ ლაზიერის გამბიტი არის გამოგონილი და შეუძლიათ, ამით იხელმძღვანელონ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები.

გამოკითხვაზე ძალიან აირია ფრენკ სკოტი, უმრავლესი კითხვის პასუხად ამბობდა, რომ არ ახსოვს. გამოკითხვის პროცესში აქტიურად ერეოდნენ მისი ადვოკატები, ხან კონსულტაცია უნდოდათ, ხან კითხვის აცილება.

მან თქვა, რომ იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური ადამიანი. ჯერ თქვა, არ ვიცი, როდის გავიგეო. მერე თქვა, ვიღაცამ მითხრა, რომ რეალური ადამიანი იყოო. აირია ამ საკითხში. ჩვენ მის ამ გამოკითხვას საჩვენოდ ვიყენებთ". - ამბობს მაია მწარიაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლოს Netflix-მა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა.

ხოლო არგუმენტები, მწარიაშვილის განცხადებით, დროში უზუსტობამდე, დროში აცდენამდე არის დაყვანილი.

"თუ მაინცდამაინც რამე შეგვეშალა, არის ის, რომ დროში რამდენიმე წლით ავცდითო". - ამბობს ადვოკატი.

საქმეზე - ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ - მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ზეპირ მოსმენას 24 იანვარს გამართავს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები