ირანი, აზერბაიჯანი და საქართველო ახალი სატრანზიტო მარშრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ
ირანმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებთან ორი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნის ინიციატივა რეგიონული კონვერგენციისთვის“, - განაცხადა საერთაშორისო ტრანზიტისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ირანული ორგანიზაცია RMTP-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯავად ჰედაათიმ. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა ჯერ კიდევ რვა წლის წინ შემუშავდა, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.

ჯავად ჰედაათის განცხადებით, ახალი მარშრუტის შექმნამ შესაძლოა სპარსეთის ყურე შავ ზღვასთან დააკავშიროს.

„შეთანხმების მთავარი მხარეები საქართველო და ირანი არიან, რადგან ირანი თავისუფალ წყლებს სპარსეთის ყურის გავლით უკავშირდება, ხოლო საქართველოს ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი აქვს შავი ზღვის აღმოსავლეთით. მეორე მხრივ, საქართველომ და აზერბაიჯანმა დიდი ძალისხმევა ჩადეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განვითარებაში, ამიტომ ჩვენ ვეცადეთ, ამ ორ ქვეყანასთან თანამშრომლობა გაგვეფართოებინა“, - განაცხადა მან.

მისი განცხადებით, შეთანხმების თანახმად, პირველ რიგში, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში საპილოტე ტვირთები ირანიდან გაიგზავნება ირანული საქონლის აზერბაიჯანში მიტანისთვის ასტარას საზღვრის გავლით, ასევე შავი ზღვით ბულგარეთში ან აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში საქართველოს პორტების გავლით.

„ვცდილობთ ამ პროექტის საპილოტე ფაზა წლის ბოლომდე დავასრულოთ ( ირანული კალენდრით [2022 წლის 20 მარტი), რათა დაბრკოლებების და პრობლემების იდენტიფიცირება განხორციელდეს და საბოლოოდ, სამ ქვეყანას შორის შეიქმნას მექანიზმი, რომელიც შეამცირებს მიწოდების ღირებულებას და დროს",
- განაცხადა ჯავად ჰედაათიმ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები