სისტემატიური პრობლემა თუ გაზვიადება - ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა უწყლოობის გამო ჩივის
ქალაქ მარნეულში, ჯავახიშვილის N26-ში მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.


ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ონკანებში ორი კვირაა წყალი არ წამოსულა და ყიდვა უწევთ. ხშირად უკავშირდებიან "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის წარმომადგენელ როვშან ბაბაქიშიევს, რომელიც პერიოდულად ჰპირდება წყლის გაშვებას, თუმცა მოსახლეობა განმარტავს, რომ დაპირება დაპირებად რჩება.



„როვშანი გვეუბნება ტყუილებს, თითქოს წყალი გავუშვითო, სინამდვილეში კი წყალი არ მოდის.ჩვენთან, მთავარი პრობლემა წყალია. ფულის აღება არ ეშლებათ, კარებზე დროულად აკაკუნებენ და ქვითარს გიწერენ. ჩვენ ხელმძღვანელობასთან გვაქვს პრეტენზია“ - ამბობს მამედ ვერდიევი

„უკვე ავზები დაგვიცარიელდა. მანქანით ვყიდულობთ წყალს. მეზობელი ქუჩებიდან ვეზიდებით წყალს ვედროებით. ამ ბალონებით რატომ უნდა ვეზიდებოდეთ წყალს? რატომ არ უნდა მოდიოდეს წყალი ჩემ ქუჩაზე, ფულს კი კარგად აგროვებენ. მილიონჯერ მივმართეთ საჩივრით, „რაიკომში“ (მერია)" - ამბობს ადგილობრივი, მაიგუბა.



კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ როვშან ბაბაქიშიევი, მოსახლეობას ხშირად ტყუილ დაპირებას აძლევს.

„რომ ვურეკავთ, ვეუბნებით წყალს რატომ არ უშვებთ-თქო. გვეუბნება, რომ ხვალ გავუშვებ, დილით მოვა, 6 საათზე მოვა, 7 ზე მოვა, მაგრამ არ მოდის. 7-ზე ავდგები, ველოდები და სად არის წყალი - არ მოდის. ორი კვირაა, საერთოდ არაა წყალი, ავზებშიც კი არ გვაქვს"



ინფორმაციის გასარკვევად რადიო „მარნეული“ "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის წარმომადგენელს, როვშან ბაბაქიშიევს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოსახლეობა ხშირად, პრობლემას აზვიადებს და წყლის ერთი დღით შეწყვეტა, კვირებად ეჩვენებათ.

„მთელი ღამე მუშაობდნენ და გაკეთდა. დღეს მოსახელობას მიეწოდება წყალი. სოფელ მუღანლოს და ქესალოს შორის იყო დაზიანება, რომელიც შეაკეთეს. ახლა წყლის მოცულობამაც მოიმატა და დღეს უკვე ექნება მოსახლეობას წყალი. ერთი დღე თუ წყალი არაა, ამბობენ 10 დღეა არ მოდისო - აზვიადებენ ყველაფერს“
- ამბობს როვშან ბაბაქიშიევი

როვშან ბაბაქიშიევის თქმით, ქუჩები, რომლებიც მუღანლოს და ქესალოს ხაზით მარაგდება, წყალს რამდენიმე საათში მიაწვდიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები