ხმოვანი წნევის აპარატების შეძენა და კიდევ ორი საკითხი, რომლის განხორციელებაც შშმ საბჭოზე დაიგეგმა
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ პირველი შეხვედრა 14 დეკემბერს გამართა. საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე სამი განცხადება განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი წლიდან შშმ პირებისთვის იგეგმება ათი ერთეული ხმოვანი წნევის აპარატის შეძენა, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა და დახმარებების 30 ლარით გაზრდა. როგორც მარნეულის მერის მოადგილემ, როინ დეკანოიძემ განაცხადა, თვითმმართველობა მზად არის მხარი დაუჭიროს შშმ პირთა მოთხოვნებს.

“მოვალი წლიდან დახმარებები იქნება გაზრდილი. იყო განცხადებები, სადაც ითხოვდნენ ამა თუ იმ საჭირო ნივთს. ამ შემთხვევაში ხმოვანი წნევის აპარატი. ჩვენ ვიმსჯელეთ და შევეცდებით დავაკმაყოფილოთ. ათი ერთეული გვჭირდება. ასევე პირველი იანვრიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იმგზავრებენ უფასოდ. შესაბამის დოკუმენტს წარუდგენს მძღოლს და არ გადაიხდის მგზავრობის საფასურს. ჩემი ინფორმაცით, 89 პიროვნებაა ასეთი და დაახლოებით 200 ადამიანამდე გაიზრდება ალბათ“ - ამბობს როინ დეკანოიძე

სამივე საკითხზე განცხადებით მერიას საქართველოს უსინათლოთა კავშირის, ბოლნისის, მარნეულის და დმანისის გაერთიანებული ფილიალის თავმჯდომარემ სურიკ ჩიჩიანმა მიმართა. მათ შორი ერთ-ერთი იყო უსინათლო ადამიანებისთვის ტრანპორტთან დაკავშირებული შეღავათის დაწესება. სურიკ ჩიჩიანი რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, რომ საბჭოს შეხვედრები უფრო ინტენსიური უნდა იყოს, რათა მუშაობა მეტად ეფექტური გახდეს.

„საბჭოს შეხვედრები ინტენსიური უნდა იყოს, რადგან შეიძლება განცხადება არ იყოს შემოსული, მაგრამ ჩვენ რომ ერთად ვიქნებით, ვისაუბრებთ, ახალი აზრები და საკითხები ჩამოგვიყალიბდება და ჩვენ მუშაობასაც მეტი ეფექტი ექნება. მიხარია , რომ დადებითად უნდა გადაწყდეს სამივე საკითხი. რაც შეეხება სხვა საჭიროებებს, ასეთი ძალიან ბევრია. უფრო რომ იყოს ადაპტირებული გარემო, ავტობუსები რომ გახმოვანდეს, გაჩერებები რომ გახმოვანდეს, ძალიან კარგი იქნება. არის ბევრი საკითხი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას“


აღსანიშნავია, რომ დახმარების სახით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 100 ლარს, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 70 ლარს იღებდნენ. ორივე შემთხვევაში 2022 წლიდან თანხა 30 ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება მგზავრობის დაფინანსებას, როგორც მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი გიორგი მეურმიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ჯერჯერობით, არ იციან რომელი სტატუსისი მქონე შშმ პირებზე გავრცელდება მგზავრობის დაფინანსება და რა მექანიზმებს შემუშავება დასჭირდებათ.

Print