წელს მსოფლიოს 207 მილიონი უმუშევარი ეყოლება
2022 წელს მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა 207 მილიონამდე გაიზრდება, რაც პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელზე 21 მილიონით მეტია. ამის შესახებ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labour Organization-ILO) ახალ ანგარიშში არის ნათქვამი.

„სავარაუდოდ, გლობალური უმუშევრობა პანდემიამდელ დონეზე მაღლა, მინიმუმ, 2023 წლამდე დარჩება,“ - წერია ანგარიშში.

თუ 2019 წელს 186 მილიონმა ადამიანმა ვერ იპოვა სამუშაო, დღეს სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 207 მილიონ პირამდე გაიზარდა.

ILO აღნიშნავს, რომ შრომის ბაზრის აღდგენის ადრინდელი ოპტიმისტური პროგნოზები, COVID-19-ის ბოლო ვარიანტების, დელტას და ომიკრონის გავრველების გამო, ვერ გამართლდა. ამასთან, გაურკვეველია, თუ როგორი იქნება ვირუსის მომავალი.

„კრიზისი უკვე ორი წელია, გრძელდება, მაგრამ პერსპექტივა გაურკვეველია და შრომის ბაზრის აღდგენა დუნე და მყიფეა,” - აცხადებს ILO-ს გენერალური დირექტორი, გაი რაიდერი.

ის შიშობს, რომ პანდემიის მიერ შრომის ბაზრისთვის მიყენებული ზიანი შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს. რაიდერის თქმით, პანდემიის ზემოქმედება მსოფლიოს ყველა რეგიონის შრომის ბაზარზე იგრძნობა, თუმცა აღდგენის ტემპი განსხვავდება. აღდგენის ყველაზე დამაიმედებელი ნიშნები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშია, ყველაზე ნაკლებად დამაიმედებელი კი - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში.

„შრომის ბაზრის ყოვლისმომცველი აღდგენის გარეშე, პანდემიის შედეგები სრულად ვერ გადაილახება,“ - აცხადებს გაი რაიდერი.

მისი თქმით, მდგრადი აღდგენა მხოლოდ შრომის ღირსეული პრინციპების საფუძველზე, მათ შორის შრომის დაცვით, თანასწორობით, სოციალური დაცვითა და სოციალური დიალოგით არის შესაძლებელი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები