საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს სხდომაზე შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.

დღის წესრიგში ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დათქმა იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას არ დასწრებია. ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. ბუნებრივია, კომიტეტი ვალდებულია საკითხი განიხილოს და დასკვნა პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწოდოს. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტის ამავე სხდომაზე განიხილება ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, რომლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო.

გარდა ამისა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კახა კუჭავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც იმსჯელებს, რომელმაც პარლამენტიდან წასვლაზე წერილობითი განცხადება უკვე დაწერა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები