21 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ხვალ, 21 იანვარს გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდება. უწყების ცნობით, შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ბარკალაიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, სოციალური აგენტების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისი კი ხარისხიანი.

"მზად ვართ, ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის, გაფიცულ სოციალურ აგენტებთან, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პირობები და ჩვენი სერვისები უფრო მეტად დაიხვეწოს".
- ამბობს მინსიტრის მოადგილე.

დღეს, 20 იანვარს გაფიცულმა სოციალურმა აგენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების მატებაა. ასევე, სოციალური აგენტები ითხოვენ, აუნაზღაურდეთ ოჯახამდე მისასვლელი ტრანსპორტის ხარჯი.

16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც სოციალურ აგენტებს ანაზღაურება 2021 წლის თებერვლიდან გაეზრდებათ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1 000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.

საპასუხო განცხადება გამოაქვეყნეს სოციალურმა აგენტებმა - ისინი სამინისტროს შემოტავაზებას არ ეთანხმებიან და წერენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას ღირსეული ანაზღაურებისთვის. 
წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია