კოვიდპაციენტმა ექთანი კისერსა და სახეში დაჭრა — ასოციაცია
„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში 50 წლამდე კაცი ექთანს თავს დაესხა.

როგორც დღეს, 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ასოციაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ აღნიშნა, ზოგადად, პანდემიის პერიოდში მედპერსონალზე თავდასხმისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა კი გასული წლის 21 დეკემბერს მოხდა.

„დილის 5 საათზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექთანმა შემოვლის დროს შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა. დაინტერესდა პაციენტით, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა მისთვის სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა ის დაიჭირა კისრით და ყელის მიმართულებით, რამდენჯერმე ბასრი იარაღით დაარტყა,“ – ამბობს სალომე ლოლუა.

{{AUDIO}}

მისივე თქმით, პაციენტმა ექთანს სახის მიმდებარედ 2 ჭრილობა მიაყენა – ერთი ლოყის არეში, სადაც მას შვიდი ნაკერი დასჭირდა და რამაც დააზიანა სანერწყვე ჯირკვალი, ხოლო მეორე – ყელის არეში. ამ ეტაპზე ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ეს პაციენტი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიურ განყოფილებაში. ექთანსაც რამდენჯერმე მოუწია ამ პერიოდში მორიგეობა, ზრუნავდა პაციენტზე,“ – ამბობს ლოლუა და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ასოციაცია თავს იკავებს პაციენტის, ექთნისა და კლინიკის დასახელებისგან. მისივე თქმით, კაცი ამჟამად გადაყვანილია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

გახშირებულ ძალადობაზე საუბრისას ლოლუა ასევე აღნიშნავს, რომ ხშირად, კერძო კლინიკები მედპერსონალს თმენისკენ მოუწოდებენ, არადა ბევრ შემთხვევაში ქმედება დანაშაულებრივია.

ნეტგაზეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია