განათლების სამინისტროს მონაცემებით, მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 24 ათასამდე მოსწავლე გადადის
მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 23 869 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს, რაც დღემდე, ერთი კვირის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.

ამასთან, უწყების განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევაში დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.

ამასთან, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4 842-მა მშობელმა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

წყარო: პირველი არხი
Print