აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე იზრდება
აშშ-ს ფედერალურ სააგენტოებს მიეცათ მითითება, მთავრობის თანამშრომლებისთვის მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაზარდონ. ახალი ინსტრუქცია პერსონალის მართვის ოფისმა (Office of Personnel Management-OPM) გასცა, რასაც Reuters ავრცელებს.

OPM-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დირექტივა, თითქმის, 70 000 ფედერალურ თანამშრომელს შეეხება, რომლის უმეტესობა თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტებში მუშაობს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენი თავისი საპრეზიდენტო კამპანიის პრიორიტეტად ძლიერ პროფკავშირსა და მაღალ ხელფასებს ასახელებდა, რაც, მისი თქმით, ამერიკის საშუალო კლასის აღდგენასა და რასობრივ-ეკონომიკური უთანასწორობის გადალახვას ხელს შეუწყობს.

პრეზიდენტ ბაიდენმა გასულ წელს გამოსცა კიდეც აღმასრულებელი ბრძანება ფედერალური საკონტრაქტო სამსახურში დასაქმებულებისთვის ხელფასის საათში 15 დოლარამდე გაზრდის შესახებ.

„მთავრობაში საათობრივი ხელფასის, მინიმუმ, 15 დოლარამდე გაზრდა ფედერალური სამუშაო ძალისა და ჩვენი, როგორც ერის ღირებულებების მიმართ მადლიერებას ასახავს,“ - აცხადებს OPM-ის დირექტორი, კირან აჰუჯა.

OPM-მა სააგენტოებს მოთხოვა, ახალი ხელფასის ოდენობა 30 იანვრამდე დააწესონ.

წყარო: BPN
Print