7 ლოკაცია, ყაზბეგში, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში, სადაც ღამის გასათევი მთის ქოხები მოეწყობა
ყაზბეგში, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში მთის ქოხები და ვიზიტორთა ბილიკები მოეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო წინადადების თანახმად, 28 იანვარს დაიწყება და 1-ელ თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 24 337 510 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შესყიდვა გულისხმობს: ჯუთა-შატილი-ომალოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა/რეაბილიტაციას და აღნიშნული საპროექტო დერეფნის ფარგლებში შვიდი სამთო ქოხის მშენებლობას.

პროექტით ღამის სათევი ქოხების მოწყობა გათვალისწინებულია შემდეგ 7 ლოკაციაზე:
  • აბუდელაური - ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია;
  • ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია;
  • არხოტის თავი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია;
  • დათვისჯვარი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია;
  • ქვედა ტანიე - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია;
  • ხიდოტანი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია;
  • ქვახიდი - თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.
„სამთო ქოხი წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკების ქსელთან მიბმულ ღამის სათევ ადგილს. ყველა ქოხი ერთსართულიანია და ორგანულად არის განთავსებული მოცემულ ლანდშაფტში. მათი ოპერირება ზამთარშიც არის შესაძლებელი. თითქმის ყველა ქოხთან გათვალისწინებულია დამხმარე ნაგებობა და საკემპინგე სივრცე. შენობები ძირითადად მოპირკეთებულია ნატურალური მასალებით (ხე, ფიქალი, ქვის წყობა ...),“-აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაციაში.

სამუშაოების შესრულების ვადად კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეა განსაზღვრული.

წყარო: BPN
Print