უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება — ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მიერ შშმ მოზარდზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დამნაშაავები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. მისი თქმით, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მსგავსი შემთხვევებით სახელმწიფო ინსტიტუტს ჩრდილი არ უნდა მიადგეს.

"უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს",
— აცხადებს ის.

კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს, 24 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ესკალატორზეა გადაღებული, სადაც არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:

"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით ფაქტზე დაკავებულია 2 პოლიციელი. მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა. შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები