მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებას - NDI-ის კვლევა
NDI-ის საზოგადოების განწყობის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებას.

შეკითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?

მოსახლეობის 83% პასუხობს, რომ მისაღებია; 8%-ისთვის მიუღებელია, ხოლო ასევე 8%-მა პასუხად „არ ვიცი“ დააფიქსირა.

ეს შედეგები განსხვავდება 2021 წლის ივლისის გამოკითხვის შედეგებისგან, როცა მოსახლეობის 76%-ისთვის იყო მისაღები ევროკავშირში გაწევრება, ხოლო 11%-ისთვის – მიუღებელი.

ამავე კვლევით, მოქალაეები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს NATO-ს წევრობასაც.

2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 77%-ისთვის ეს მისაღებია, მიუღებელია მხოლოდ 11%-ისთვის, ხოლო გამოკითხულთა 12%-მა დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“.

კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია