პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ნახიდურის სკოლაში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას ესტუმრა.

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ნახიდურის სკოლის მეოთხე კლასის ქართული ენის გაკვეთილს დაესწრნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნახიდურის სკოლაში პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც სახელმწიფო ენის ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით პარლამენტის როლზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა ხათუნა კვიციანმა. დეპუტატებმა ასევე მასწავლებლების შეკითხვებსაც უპასუხეს.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვესტუმრეთ ნახიდურის საჯარო სკოლას. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დაწყებული აქვს თემატური მოკვლევა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გავეცნოთ, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი, მათ შორის, ქართული ენის სწავლების პროცესი. დავესწარით ქართული ენის გაკვეთილს, ასევე, შევხვდით მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელობას და ვიმსჯელეთ ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ამ სკოლას და ასევე, მთლიანად, ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ, რათა ხარისხიანი განათლებაზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მხრიდან იყოს სრულად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები