ნიკოლოზ სამხარაძე და ნინო იობაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი, ნინო იობაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, კარი ჰენრიკსენს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან დაგეგმილ ანექსიის ნაბიჯებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე, ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრეს.

“შეხვედრისას ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან დაგეგმილ ანექსიის ნაბიჯებზე მათ შორის, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე. ვისაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე და იმ სტრატეგიაზე, რომელიც სახელმწიფოს ამ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით აქვს. ასევე, ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს ჩვენი გეგმა გავაცანით მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოვთქვით. შეხვედრისას, ყურადღება გავამახვილეთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და იმ მძიმე განვითარებაზე, რომელიც შესაძლოა რეგიონის უსაფრთხოებას მოჰყვეს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print