პირველად ისტორიაში, საბანკო სესხების ნახევარზე მეტი უკვე ლარშია ნომინირებული
საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების ნახევარზე მეტი უკვე ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული. აქამდე, ყოველთვის საბანკო კრედიტებს შორის ნახევარზე მეტი უცხოური ვალუტის სესხებზე მოდიოდა.

საქართველოში სულ 14 კომერციული ბანკი ოპერირებს. მათ მთლიანობაში 43 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული. ამ თანხიდან 21.61 მილიარდი ლარი, ანუ 50.07% ლარის კრედიტებზე მოდის, 21.54 მილიარდი ლარი კი უცხოურ ვალუტაზე, რაც კრედიტების 49.93%-ია.

კრედიტების ლარიზაციის ზრდა, პირველ რიგში, ლარის გამყარებამ განაპირობა. აპრილში ლარი დოლართან მკვეთრად გამყარდა, რამაც უცხოური ვალუტის კრედიტების ნაშთის ლარებში გამოსახული მოცულობა შეამცირა. ეს გამყარება მაისშიც გაგრძელდა და კურსი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნა, შესაბამისად, კრედიტების ლარიზაციის ზრდის ტრენდი მაისშიც გაგრძელდება.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტების ნაშთია 20.4 მილიარდი ლარი, საიდანაც სავალუტოა 13.76 მლრდ-ის სესხები, ეროვნული ვალუტის კი 6.64 მლრდ ლარი. განსხვავებულია თანაფარდობა ფიზიკურ პირებზე გაცემულ კრედიტებში, სადაც 22.7-მილიარდიანი პორტფელის 65.8% ლარშია ნომინირებული, 34.2% კი უცხოურ ვალუტაში.

მათ შორის იპოთეკური კრედიტების 9.25-მილიარდიან პორტფელში ეროვნულ ვალუტაზე 49% მოდის, 51% კი უცხოურ ვალუტაზე. ყველაზე მეტად ლარიზებულია სამომხმარებლო სესხბეის სეგმენტი (ზომა 6.7 მლრდ ლარი), სადაც ეროვნულ ვალუტაზე 88% მოდის.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია