აპრილში საქართველოში ხორბლის იმპორტი 73%-ით შემცირდა, ფქვილის - 1020%-ით გაიზარდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სურსათის მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შემდეგ საქართველოში ხორბლის იმპორტი იკლებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე, 31 140 ტონაზე (7 364 მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია.

წელსაც ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი რუსეთია - აპრილში ჩრდილოელი მეზობლისგან 8 117 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, რაც მთლიანი რაოდენობის 99%-ია. დანარჩენი 1% ყაზახეთსა და ავსტრიაზე მოდის.

შედარებისთვის, წინა წლის შესაბამის თვეში საქართველომ რუსეთისგან 28 261 ტონა ხორბალი იყიდა, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 71%-ით მეტია, აშშ-სგან კი გასული წლის აპრილში 2 879 ტონა ხორბალი ვიყიდეთ.

ხორბლისგან განსხვავებით იზრდება ფქვილის იმპორტი - მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში სულ 16 269 ტონა ფქვილია შემოსული, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე, 1 452 ტონაზე, 1020%-ით მეტია. იმპორტირებულ პროდუქციაში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადავიხადეთ.

ფქვილის მთავარი მომწოდობელიც საქართველოსთვის რუსეთია, იმპორტირებული პროდუქციის 99% სწორედ რუსეთზე მოდის, 1% კი თურქეთსა და იტალიაზე.

2022 წლის აპრილში რუსეთისგან საქართველომ 16 170 ტონა ფქვილი იყიდა, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე 1039%-ით მეტია.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები