ახალი შეფასებით, ივანიშვილმა Credit Suisse-ში $607 მლნ დაკარგა – Bloomberg
მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მისი ერთ-ერთი ყოფილი ბანკირის მიერ თაღლითობის სქემის გამო უჩივის, ზარალის ახალი შეფასებით დაახლოებით 607 მილიონი დოლარი დაკარგა, რაც თითქმის 10%-ით აღემატება სასამართლოს მარტის გადაწყვეტილებაში ასახულ რაოდენობას.

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი თანხა დასახელდა სამშაბათს, ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნის მიერ გამართულ მოსმენაზე, მას შემდეგ, რაც მან მარტში ორივე მხარის სასამართლო ბუღალტერებს ივანიშვილის ზარალის უფრო ზუსტი შეფასება დაავალა. სამი თვის წინ ეს ზარალი 553 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ამავე დროს მოსამართლემ გააკრიტიკა Credit Suisse Life და თქვა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ „თვალი დახუჭა“ თაღლითის, პატრის ლესკოდრონის დანაშაულზე.

Credit Suisse Life-ის (ბერმუდის) ადვოკატმა ჯონათან ქროუმ თქვა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა ჰარგუნის გადაწყვეტილებას და აღიარებდა 607 მილიონი დოლარის შესწორებულ მაჩვენებელს.

„ჩვენ ვიდავეთ და დავმარცხდით. არ ვცდილობთ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, მაგრამ კომპენსაცია უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ცალკეული ანგარიშების აქტივებიდან“, — თქვა მან.

CS Life Bermuda-მ განაჩენი უკვე გაასაჩივრა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე მრავალწლიანი დავა მოუგო.

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და მეორედ უჩივის მისი ოპერაციების შეფერხებისთვის.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები