30 წლის შემდეგ სოფელ ხიხანის ნაწილი სარწყავი წყლით მარაგდება
სოფელ ხიხანისა და შაუმიანის მოსახლეობას 30 წლის შემდეგ სარწყავი წყალი პირველად მიეწოდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი წყლის სისტემის ამოქამედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„სოფელ ხიხანსა და შაუმიანში საირიგაციო ქსელი 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა, მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობა. პროექტის ღირებულებამ 3,8 მილიონი ლარი შეადგინა“
. - აღნიშნულია მერიის განცხადებაში

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ხიხანის მკვიდრმა ნანა გაბაიძემ განაცხადა, რომ სოფელში სარწყავი წყლის სისტემის გაყვანა კარგია, მაგრამ თვლის რომ პროექტი სრულად არ დასრულებულა.

„სარწყავი წყლის გაყვანამ ახალი პრობლემები წარმოშვა, რომელიც დაკავშირბეული იმასთან, რომ ჩვენს სოფელში მიწები გადაფორმებული არ გვაქვს და შეიძლება ნებისმიერმა არენდატორმა და იმ პირმა ვისაც შესაძლებლობა აქვს მოახდინოს მიწების გადაფორმება და სოფელი დარჩეს მიწის გარეშე. ამჟამად სარწყავი წყალი მხოლოდ ძრითად არხშია, ხოლო ქუჩებში სარწყავი წყალი კვლავ არ მოდის რის გამოც მოსახლეობას კიდევ ექმნებათ პრობლემა. პროექტი, მე ასე ვიტყოდი, ჯერ არაა დასრულებული, რადგან დამატებითი გაყვანილობები, რაც სოფლის სხვადასხვა ადგილზეა შესაყვანი ჯერ ისევ არაა. არაა ისე გამართული, რომ სოფლის მოსახლეობამ გამართულად ისარგებლოს. ეს ჩანს იმაშიც, რომ ძირითადი არხი სადაც გადის არის მხოლოდ ერთ ქუჩასთან ახლოს და არიან უბნები სადაც წყალი ფაქტობრივად არ ჩადის და მოსახლეობა იძულებული გახდა საკუთარი სახსრებით შეიძინონ მსხვილი მილები რომ სარწყავი წყალი საკუთარი ხარჯებით ჩაიყვანონ. მე როგორც მქონდა ინფორმაცია, ეს ყველაფერი პროექტში გათვალისწინებული იყო და იმედი მაქვს რომ ასეც იქნება“. - განაცხადა ნანა გაბაიძემ

განახლებული სარწყავი წყლის სისტემის მოსანახულებლად ხიხანში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვმო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასრიძე და რეგიონის სხვა ხელმძღვანელი პირები ჩავიდნენ. სარწყავი წყლის სისტემის მოსანახულებლად წასვლისას მერიას არ დაუპატიჟია ორგანიზაცია, რომელსაც დიდი წვლილი ჰქონდა აღნიშნული სისტემის ამოქმედებაში.

2021 წლიდან მუნიციპალიტეტში HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით CENN ახორციელებს პროექტს „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI”. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტშ შეიქმნა მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმაც სხვა პრობლემებთან ერთად მარნეულში არსებული სარწყავი სისტემების პრობლემებთან დაკავშირებით ადვოკატირების კამპანია განახორციელეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას CENN-ის პროექტების კოორდინატორი მარიკო წიქორიძე ამბობს, რომ თვითმმართველობასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, „საქართველოს მელიორაციასთან“ და სხვადასხვა უწყებებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ, რათა მარნეულში არსებული სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ძველი არხების განახლება და გაწმენდა მომხდარიყო.

„ჩვენ მივმართეთ ამ უწყებებს წერილით, შესაძლებელი იყო თუ არა ამ არხების აღდგენა და ასობით იმ ადამიანის დაკმაყოფილება, რომლებიც ამ არხებში წყლის გაშვებას ითხოვდა. პირველი წერილი მოგვივიდა რეგიონული განვითარების სამინისტროსგან სადაც ამბობდნენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომაო. მეორე წერილი მოგვივიდა მარნეულის მერიისაგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და გვეუბებოდნენ რომ ეს არხი ნამდვილად არსებობს, მაგრამ დამშრალიაო წყალი კლიმატის ცვლილების გამოო და შეუძლებელია მისი აღდგენაო. ამის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელეთ ადვოკატირების კამპანია და ჩავატარეთ ოთხმხრივი შეხვედრა თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისათვის რომ გაწმენდილიყო არხები და იქ გადაწყდა რომ მერია ცალკე იმუშავებდა ამ საკითხებზე და ჩვენ ცალკე ვიმუშავებდით და მელიორაციასთან ერთად გავიდოდით იმ ლოკაციებზე სადაც სამუშაოების ჩატარება იყო საჭირო. ესენია, სადახლოს არხი, შაუმიანის და ხიხანის არხი და პლიუს ამას დაემატა პატარა არხები. ყველა ეს არხი გაიწმინდა, მაგრამ გაიწმინდა ძალიან გვიან, რაც შეეხება რეაბილიტაციას, დარჩენილი იყო ხიხანისა და შაუმიანის არხებზე ინფორმაცია. თუმცა, ისე დაიდო არხში წყლის გაშვების შესახებ ინფორმაცია, რომ ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვქონია“.

მარიკო წიქორიძის განმარტებით, ამ კვირაში „საქართველოს მელიორაციის“ მარნეულის წარმომადგენლობასთან ერთად ადგილზე გასვლას გეგმავდნენ, მაგრამ ვინაიდან ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი შეიცვალა პროცესი გაჭიანურდა.

„კარგია რომ გაკეთდა, მივესალმებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ჩვაგვაყენებდნენ საქმის კურსში თუ არ ჩაგვაყენებდნენ მთავარია, რომ საქმე გაკეთდა. მართალია, ნაწილობრივ დაიფარა ჩვენი მოთხოვნა, ანუ შაუმიანის დევნილების დასახლებამდე არხი ნაწილობრივ მიდის, მაგრამ დიდ ნაწილს მაინც ვერ ფარავს. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

CENN-ის პროექტების კოორდინატორის განცხადებით, ორგანიზაცია ამ მიმართულებით კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობას და მონიტორინგს.

რადიო „მარნეული“

Print