ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ
კორპუსთან სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს
არიგებდნენ, აგრესიულად განწყობილი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად
დაუპირისპირდნენ.
ისინი აცხადებენ, რომ სტუდენტები 3 ივლისის აქციაზე არ უნდა მივიდნენ.
ერთ-ერთი მათგანის თქმით, გორიდან „ლამაზი ხედის“ სანახავად ჩამოვიდა.
„ტელეკომპანია პირველთან“ აგრესიულად განწყობილი პირები არ მალავენ,
რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.
„რას აშუქებდით, ესენი რომ ფლაერებს არიგებდნენ?“ – ეკითხება
ერთ-ერთი პირი, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს და აცხადებს, რომ
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები
არიან, სტუდენტებს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ:
„არა რის ეს ნარატივი სწორი. ნორმალური სტაბილური ცხოვრება,
ევროპისკენ წინსვლით მაგრამ არა „ნაცების“ ხელით. გვეზიზღებიან,
რეჟიმს აღარ დავაბრუნებთ“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი
მონაწილე.
„შეყვარებულს ველოდები გამოცდას წერს და ჩავერიე სიტუაციაში იმიტომ
რომ არ მომწონს რასაც აკეთებენ, დავალებას რომ ასრულებენ. ქვეყანაში
უნდათ დესტაბილიზაცია“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი
მონაწილე.
მომხდართან დაკავშირებით, „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია
განახლდება.