მედვედევი წერდა, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, მისი თანაშემწე ამტკიცებს, რომ გვერდი გატეხეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ასეთი, 1801 წლისთვის არ არსებობდა და ის რუსული იმპერიის ქვეშ შეიქმნა. ყაზახეთი კი ხელოვნური სახელმწიფოა.

მედვედევის პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა და მის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ პოსტის „სქრინშოთის“ გავრცელების შემდეგ გაიგო. მედვედევის თანაშემწე კი ამტკიცებს, რომ გვერდი გატეხილი იყო. ამის შესახებ მან პროკრემლისტურ რუსულ გამოცემებთან განაცხადა.

მედედევის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, საქართველო 5 ცალკეულ სუბიექტად იყო დაყოფილი და ამ საზღვრებში რუსული იმპერიის ქვეშ ჩამოყალიბდა. მომავალში კი ის ისევ რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

„ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია მხოლოდ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შეიძლება გაერთიანდნენ“,
– ნათქვამია ტექსტში, რომელიც მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა.

მედვედევის გავრცელებულ ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე არ უნდა შეჩერდეს და საქართველოსთან ერთად რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ყაზახეთსაც მოიაზრებს, სადაც „წესრიგი მანამდე არ დამყარდება, სანამ იქ რუსეთი არ შევა“. ტექსტის მიხედვით, ყაზახეთი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა კი მისი ხელისუფლება იქ სხვადასხვა ხალხს ასახლებს, რაც რუსების გენოციდად შეიძლება შეფასდეს.

„ნაციონალისტების ბანდებისა და მათ მიერ შეთხზული უკრაინიზმის ქადაგებისგან კიევისა და მალორასიის ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი ისევ ერთიანი, დიდებული და დაუმარცხებელი იქნება, როგორც ეს იყო ათასი წლის წინ, უძველეს სახელმწიფოში.

ამის შემდეგ მოსკოვის ერთიანი ფარის ქვეშ, სლავი ხალხის წინამძღოლობით, დაიწყება მომდევნო ლაშქრობა ჩვენი სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომლებიც იცით, რომ არსად არ სრულდება
“, – ნათქვამია ტექსტში, რომელიც მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგ კი წაიშალა.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები