თსუ-ს ბუღალტერი 165 ათასი ლარის მითვისების გამო დავაკავეთ – პროკურატურა
პროკურატურის ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბუღალტერი და მასთან კავშირში მყოფი პირი დიდი რაოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს.

უწყების თქმით, გამოძიება ამ საქმეზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა, თითქოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: #criminal #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები