აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის
მხრიდან „კეთილი ნების“ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ
სამშვიდობო შეთანხმებას.
ამის შესახებ ალიევმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს განუცხადა პრაღაში,
სადაც 6 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით შეხვდა სომხეთის
პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ
ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის
ფარგლებში გაიმართა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის
თქმით, უახლოეს ხანში შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები
შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას.
პრაღაში შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა
ტვიტერზე დაწერა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ერთგულება
გაეროს წესდებისა და ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი, რომლითაც
აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
მაკრონის თანახმად, სომხეთი თანახმაა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანთან
საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიას და აზერბაიჯანი
თანახმაა თანამშრომლობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით,
მისიის მიზანია ნდობის განმტკიცება და წვლილის შეტანა საზღვრის
დამდგენი კომისიების მუშაობაში.
2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და
აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების
შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის
რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში
განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". 2022 წლის სექტემბერში,
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება,
რომლის შედეგად, ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.
6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი
სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანსაც. ბოლო 13 წლის განმავლობაში
ეს იყო სომხეთის და თურქეთის პირველ პირებს შორის გამართული პირველი
შეხვედრა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანმა
და ერდოანმა განიხილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების
პროცესი და ხაზი გაუსვეს ამ კონტექსტში პირდაპირი კონტაქტების და
მაღალ დონეზე შეხვედრების მნიშვნელობას.
თურქული სააგენტო "ანადოლუს" ინფორმაციით, პრაღაში გაიმართა თურქეთის
პრეზიდენტ ერდოანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის და სომხეთის
პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის არაფორმალური საუბარიც, რომელსაც
მოგვიანებით შეუერთდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და უნგრეთის
პრემიერ-მინისტრი ორბანი.
წყარო:
radiotavisupleba.ge