აშშ-ის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ ომბუდსმენ ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს უჭერდა და უჭერს მხარს - დეგნანი
აშშ-ის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მის გუნდს და სახალხო დამცველის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესით მივიღებთ „ისეთსავე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს”.

„სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე და, ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან დიდი გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას. აშშ-ის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მის გუნდს და სახალხო დამცველის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს ამ წლების განმავლობაში. ერთობლივი თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისი, მისი შესაძლებლობები განვითარდა და უფრო ეფექტურად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანების უფლებათა დაცვაზე. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რომ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან, ეს გახლავთ უაღრესად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქვეყნის სისტემაში.

დღევანდელ კონფერენციაზე, საბოლოო ანგარიშზე ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მრავალმა მიმართულებამ, რა მიმართულებითაც მუშაობდა და მუშაობს სახალხო დამცველი და როგორ აუმჯობესებს თავისი საქმიანობის ეფექტურობას სხვადასხვა მიმართულებით.

იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისეთი შედეგით, რომ, საბოლოო ჯამში, მივიღებთ ასეთსავე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს, რომელსაც ექნება გამბედაობა, თქვას სიმართლე, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას“,
– განაცხადა დეგნანმა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები