ირანის გენერალური პროკურორი: უქმდება „მორალის პოლიცია“
ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამად ჯაფარ მონთაზერიმ განაცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკაში უქმდება „მორალის პოლიცია,“ რომელიც, სხვათა შორის, სამოსის ისლამური წესით ტარებას უწევდა ზედამხედველობას.

განცხადების ფონია სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები.

„მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან", განაცხადა პროკურორმა. მონთაზერიმ ასევე აცნობა საზოგადოებას, რომ მთავრობამ შეიძლება გადასინჯოს კანონი, რომელიც ქალებს ჩადრის ტარებას ავალდებულებს. მისი თქმით, საკითხზე მსჯელობენ პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო და გადაწყვეტილება ერთ-ორ კვირაშია მოსალოდნელი.

ადრე ირანის ოფიციალური პირები გამორიცხავდნენ შესაძლებლობას, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მოთხოვნები შესრულებულიყო.

16 სექტემბერს ფართო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც ქურთისტანიდან თეირანში ჩასული 22 წლის მაჰსა ჟინა ამინი „მორალის პოლიციამ“ დააკავა თავსაფრის არასწორი ტარების გამო. ამინი ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დამოუკიდებელ ექსპერტიზას არ დაუდგენია.

ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებისკენ წაქეზებაში დასავლეთს, აშშ-ს, ასევე ისრაელს და მათთან დაკავშირებულ „ტერორისტულ ჯგუფებს“ და ქურთ ოპოზიციონერებს ადანაშაულებს. „მორალის პოლიცია“ ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მმართველობის პერიოდში, 2006 წელს დაარსდა როგორც „ქცევის პატრული“ და მისი თანამშრომლები ირანელების, პირველ რიგში ქალების, მიერ „მოკრძალებულობის წესების“ დაცვას და ჰიჯაბის ტარებას მეთვალყურეობდნენ. ირანელი ქალები ხშირად იტყობინებოდნენ „მორალის პოლიციელების“ მხრიდან უხეში მოპყრობის შესახებ.

ირანის უშიშროების ძალები სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს, რომელთა უმთავრების ლოზუნგია "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება," და რომლებიც რეჟიმის დამხობისკენ მოწოდებით გამოდიან.

ოსლოში დაფუძნებული უფლებადამცავი ჯგუფის თანახმად, სექტემბრის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს დაღუპულთა რიცხვი 400-ს აღწევს, მათ შორის ათეულობით არასრულწლოვანი და ბავშვია.

ირანის სასამართლომ 14 ნოემბერს პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში უშიშროების მინისტრის მოადგილემ, მაჯიდ მირაჰმადიმ 4 დეკემბერს თქვა, რომ საპროტესტო გამოსვლების მთავარი მიზეზი არ არის ეკონომიკური ხასიათის. „ეს არის ერთ-ერთი საკითხი, მაგრამ არა მთავარი“, თქვა მან, მიზეზი „პროტესტია უსამართლობის წინააღმდეგ“.

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა 3 დეკემბერს, რომ ირანის ისლამური საფუძველი კონსტიტუციაშია ჩადებული, მაგრამ „არსებობს კონსტიტუციის განხორციელების მოქნილი მეთოდები,“ თქვა რაისიმ.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები