პოლონეთში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები.

„პოლონეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ტრადიციულად და ისტორიულად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენთვის დღეს ძალიან აქტუალურია. იმედი მაქვს, ამ შეხვედრისას ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება“,
– განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

წყარო: პირველი არხი

Print