მუმლაძემ ენმ-ს გენმდივნობა შემომთავაზა – სააკაშვილის ძმა
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი მუმლაძემ ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გენერალური მდივნის პოსტის დაკავება შესთავაზა.

გიორგი მუმლაძე ნიკა მელიასთან, ნონა მამულაშვილთან და ლევან ხაბეიშვილთან ერთად ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძვის.

“გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია. ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე. მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება”, – დაწერა დავით სააკაშვილმა.

ცნობილია, რომ ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.

წყარო: ნეტგაზეთი
Print