ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხმის მისაცემად 49 756 ადამიანი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მომდევნო ორი დღე დარეგისტრირებულ პირთა გადამოწმება მოხდება. კერძოდ, სპეციალური ჯგუფი, რომელიც თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლების მიერ იქნება დაკომპლექტებული, შეისწავლის, არის თუ არა რეგისტრირებული პირი პარტიის რეალური მხარდმაჭერი და ხომ არ ცდილობს ის პროცესის დისკრედიტაციას.

იმისათვის, რომ დადგინდეს პირი ნამდვილად ენმ-ის მხარდამჭერია თუ არა, ამ პირის Facebook-ის გვერდი შეამოწმდება რომელიც რეგისტრაციისას ავტომატურად მიუთითა.

ამის შემდეგ კი უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში კი მონაწილეობენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა, ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის, “ბლოკჩეინის” სისტემის გამოყენებით მიმდინარეობს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print