სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიკა გვარამიას საქმეზეც არის საუბარი
მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოზე 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება, რა დროსაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გვარამიას საქმე სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.

“სახალხო დამცველის აპარატმა, ადგილობრივმა სამოქალაქო და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორს ნიკა გვარამიას სამწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფინანსური ინტერესების დაზიანებისთვის, როდესაც ის მას ხელმძღვანელობდა”, - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის თანახმად, გვარამიას გასამართლებამ „რიგ საქმეებში სასამართლოებზე ხელისუფლების მზარდი გავლენა გამოავლინა, რაც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და ოპონენტების გაჩუმებას ისახავს მიზნად”.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითეს გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის თაობაზე, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კომერციულ დირექტორთან მეგობრობა აკავშირებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები