პარლამენტში „ოცნების“ სიით გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შევლენ
„ქართული ოცნების“ სიის მიხედვით პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შევლენ.

ისინი საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს ჩაანაცვლებენ.

გიორგი ამილახვარი 20 მარტს განათლების მინისტრად დაინიშნა. დეპუტატობის პერიოდში პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. თავად ირაკლი კოვზანაძეს მანდატის დატოვების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ რუსული კანონპროექტის კენჭისყრას არ ესწრებოდა და, შესაბამისად, ხმაც არ მიუცია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია მანდატების დატოვებას სთხოვს დეპუტატებს, რომლებმაც უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. 7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print