აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი მინიმუმამდე დაეცა - რა განმარტებას აკეთებს „სოკარი“
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი მინიმუმამდე დაეცა. თუ შარშან იანვარ-თებერვალში საქართველომ აზერბაიჯანში 27,450 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა (36,879 ტონა), წელს 2 თვეში ეს მაჩვენებელი 1,885 მლნ დოლარამდე შემცირდა (1,682 ტონა). კლება 1 356%-ია.

რა გახდა აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის კლების მიზეზი, ,,ბიზნესპრესნიუსთან" „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი, ნოდარ ყანჩაველი საუბრობს.

„შემცირება განპირობებულია ბაქოს ქარხნის
გადაიარაღებით, რომელიც გასული წლის მარტში დაიწყო. მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ ევრო 5-ის სტანდარტზე გადასულიყო. აქამდე აზერბაიჯანიდან მხოლოდ ევრო 4-ის დიზელის საწვავის მოწოდება ხდებოდა. „სოკარი“ ამ დრომდე დიზელის საწვავის ბაზრის 40%-ს იკავებდა საბითუმო ნაწილში. მას შემდეგ კი, რაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებამ დაგვავალდებულა, რომ ქვეყანამ სტანდარტი უნდა გაზარდოს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ვალდებულება გაგვიჩნდა, რომ ევრო 4 სტანდარტი საქართველოში საერთოდ არ შემოვიდეს. აზერბაიჯანულმა ნავთობგადამამუშავებელმა კი, საკუთარი კომერციული მიზნებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ევრო 5-ის სტანდარტი გამოუშვას.

ახლა, მოლოდინის რეჟიმში ვართ. მიმდინარეობს გადაიარაღება. ტექნიკურად აღიჭურვა კი სრულიად შეესაბამება ევრო 5-ის სტანდარტს. ვფიქრობთ, რომ საქართველო მაისისთვის უკვე მიიღებს უმაღლესი სტანდარტის საწვავს აზერბაიჯანიდან. ზუსტი თარიღი უახლოეს კვირებში გვეცოდინება“, - განაცხადა ყანჩაველმა ,,ბიზნესპრესნიუსთან".


შეგახსენებთ, საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის დიზელზე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გადასულიყო. თუმცა ბიზნესი და იმპორტიორები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ თარიღი გადაწეულიყო. ძირითად არგუმენტად კი რუსეთზე ნავთობ დამოკიდებულების ზრდას და ამასთანავე, საწვავის გაძვირებას ასახელებდნენ. იმპორტიორთა მოთხოვნის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ 2021 წლიდან აზერბაიჯანში ევრო-5-ის ტიპის დიზელის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდებოდა. თუმცა, როგორც ,,სოკარ ჯორჯიაში" აცხადებდნენ, საწარმოს ამოქმედება ორჯერ პანდემიის მიზეზით გადავადდა.

ხელისუფლებამ არგუმენტები, იმპორტიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მოთხოვნა გაითვალისწინა და მთავრობის დადგენილებით ცვლილებას ჯერ 1-წლიანი მორატორიუმი დაედო, შემდეგ კი, ვადა ორჯერ გახანგრძლივდა. საბოლოოდ, მორატორიუმი 2023 წლის 1 იანვარს შეწყდა და სწორედ ამან გამოიწვია რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების 70%-მდე ზრდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანის მთავრობის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ევრო 5“-ის ეკოლოგიური სტანდარტებით დიზელის საწვავისა და საავტომობილო ბენზინის წარმოებას წელს დაიწყებს. ანუ, საქართველო უნდა ელოდოს აზერბაიჯანულ ბენზინსაც, რომელიც ახლა ქვეყნაში არ შემოდის.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები