აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები სასამართლომ 14-18 საათით დააყოვნა. გადაწყვეტილება უცნობია
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები 14 და 18 საათით დააყოვნა. საბოლოოდ, ორივე მათგანს აუწყეს, რომ გადაწყვეტილებას აპრილში გამოაცხადებენ.

“პუბლიკას” რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი, რომელიც 2 მარტის ღამით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს, სასამართლოში 30 მარტის 11:00 საათზე იყო დაბარებული. მისი პროცესი თითქმის 15-საათიანი ლოდინის შემდეგ, შუაღამისას, 01:55 საათზე დაიწყო და 04:40 საათამდე გასტანა.

საბოლოოდ, ვარდიაშვილს მოსამართლემ უთხრა, რომ მის საქმეზე გადაწყვეტილება 18 აპრილს, 17:00 საათზე გამოცხადდება.

2 მარტის აქციაზე კიდევ ერთმა დაკავებულმა, “ტაბულას” ჟურნალისტმა ბექა ჯიქურაშვილმა, 14 საათი გაატარა სასამართლოში. პროცესი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დაიწყო. ვარდიაშვილის მსგავსად, არც ჯიქურაშვილის საქმეზე გამოუცხადებიათ გადაწყვეტილება.

“14 საათის შემდეგ გამაგებინეს, რომ 19-ში გამოცხადდება ეს განაჩენი”, – თქვა ბექა ჯიქურაშვილმა.

აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ
2 მარტს თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, მოქალაქეები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. პოლიციამ იმ ღამეს 30-მდე ადამიანი დააკავა, რომელთა შორისაც იყვნენ ვარდიაშვილი და ჯიქურაშვილი. ჟურნალისტები რამდენიმე საათში, ხელწერილით გაათავისუფლეს.

მომდევნო დღეებში, განსაკუთრებით, 7 და 8 მარტს, რუსული რეპრესიული კანონის ანალოგის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაფართოვდა. ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან.

ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

29 მარტის ღამით პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სამართალდამცავებისთვის ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: ნეტგაზეთი
Print