საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი
შეფასებით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი
შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1
პროცენტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023
წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის
მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა,
ტრანსპორტი და დასაწყობება.
მათივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი
მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობების სექტორებში.