პრეზიდენტმა დეპუტატებს კონსტიტუციის 78-ე მუხლი შეახსენა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას დეპუტატებს შეახსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას შეეხება.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა ბუჩას ტრაგედიიდან ერთ წლისთავთან დაკავშირებით უკრაინელებისთვის სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო. პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 31 მარტი საქართველოსთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა.

„აღსრულდა ნება ქართველი ერისა“
— ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება“, — განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ პარლამენტის წინაშე გამოსვლისთვის ეს თარიღი სიმბოლურად აარჩია.

„ისევე, როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია — ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამიტომ დღეს არ შემიძლია, არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში, გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, თუმცა შემდეგ ხალხის ნებას გადაუხვია.

„ახლა კი, არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა. ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა — არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის. 2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა, არცერთი ფორმით და არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყნას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. 2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს, და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას. ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია — ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რაც არ უნდა სიმართლე იყოს ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის.

„ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით — მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან“,
— დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები