ბოდიშს ვუხდი ამომრჩეველს… დანაშაული ჩავიდინეთ — „ოცნება“ ზურაბიშვილის მხარდაჭერას ნანობს
დღეს, 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი ნაწილი მმართველი გუნდის კრიტიკას დაეთმო. სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას სხდომათა დარბაზში ისმოდა უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები.

სალომე ზურაბიშვილით იმედგაცრუებული „ქართული ოცნების“ წევრები ამომრჩეველს ბოდიშს უხდიან იმის გამო, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

ერთ-ერთი დეპუტატი, ვინც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას აღშფოთებას ვერ მალავდა, ირმა ზავრადაშვილი იყო. მისი თქმით, პრეზიდენტის ყველა წინადადება პროვოკაციული და ვიღაცისთვის გასაგონად ნათქვამი იყო.

„საზოგაოდებას რომ მხარს უჭერდე, საზოგადოებას უნდა იცნობდე და მისი მოსაზრებები იცოდე. სალომე ზურაბიშვილმა ეს, სამწუხაროდ, არ იცის.

მე ჩემს თავზე ვარ ძალიან გაბრაზებული, ძალიან გაბრაზებული იმის გამო, რაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის ვიწვალე. ჩემზე ყოველ შემთხვევაში ახია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიწვალე, მეგონა და მჯეროდა, რომ ის ყველას პრეზიდენტი იყო. ჩემი იმედები
ვერ გაამართლა, ჩვენი ქვეყნის იმედები ვერ გაამართლა. ის უნდა ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი, ის არ უნდა ყოფილიყო ცალკეული პარტიების ნარატივზე დამჯდარი პრეზიდენტი. ის „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის“,
— განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი რიმა ბერაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ხალხს დაშორდა.

„ქართული ოცნება“ და პირადად მე ყოველთვის ხალხის გვერდით ვიდექით და დღესაც ხალხის გვერდით ვდგავართ, ამას მომავალი არჩევნებიც დაგვანახებს. ერთი ფაქტი დამისახელეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხალხთან მივიდა. დღეს მისი გამოსვლა უნდა ყოფილიყო, რომ მას ხელი შეეწყო ქვეყანაში არსებული იმ დამოკიდებულებისათვის, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია. მისმა დღევანდელმა გამოსვლამ, მე ვფიქრობ, პირიქით, ხელი შეუწყო ამ დამოკიდებულების გაღრმავებას.

მე პირადად ჩემს ამომრჩეველს ვუხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავე იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი თბილისის მასშტაბით ჩემს რაიონში პირველ ადგილზე იყო. კიდევ ერთხელ ჩემს ამომრჩეველს ვუხდი ბოდიშს“
, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ნანობს დეპუტატი ბეჟან წაქაძეც. მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა „ყოვლად არაადეკვატური“ იყო.

„აბსოლუტურად არაფერი მომეწონა, ყველაფერი ტყუილი ისაუბრა, არაფერი მართალი არ უთქვამს. დღეს, როცა ევროკავშირის მოთხოვნაა დეპოლარიზაცია, დღევანდელი მისი გამოსვლა იყო პოლარიზაციის გაღრმავება. რატომ აკეთებს ამას, არ ვიცი. საერთო მოწყვეტილია ხალხისგან. ხალხის ენით საუბრობს და ხალხში საერთოდ არ დადის. ბოლოს როდის შეხვდა თუნდაც ერთ ადამიანს? ხალხის აზრი იცის მან? როცა ასეთი რამე ხდება და ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ომშია ჩაბმული, ასე უნდა გამოდიოდეს პრეზიდენტი?! პრეზიდენტი უფრო დამთმობი და ლმობიერი უნდა იყოს და სხვანაირი განცხადებები უნდა გააკეთოს“
, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ბეჟან წაქაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დიდი დანაშაული იყო.

„მეც ბოდიშს ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს. იმ ამომრჩევლებს, რომელთანაც სოფელ-სოფელ და კარდაკარ დავდიოდით, რომ აერჩიათ ეს ადამიანი. უამრავი ადამიანი მირეკავს და მეც ბოდიშს ვუხდი მას და ძალიან დიდი დანაშაული ჩავიდინეთ, რომ მაგას დავუდეგით გვერდში“,
– განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწია ცუდსა და უარესს შორის.

„აღმოჩნდა, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გვქონია ცუდსა და უარესს შორის გასაკეთებელი. აქედან გამომდინარე ქართველი ხალხი ნანობს და ჩემს სინანულს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები