საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცოლს დედამთილმა 2022 წელს 30 ათასი
დოლარი აჩუქა.
საჩუქრის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა ასახა 2023 წლის 23
მაისს შევსებულ დეკლარაციაში.
გასულ წელს ნინო მხეიძემ დედამთილისგან უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე
ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა: მინისტრმა 2022 წელს
ხელფასის სახით აიღო 68 834 ლარი, მისმა ცოლმა კი - 1532 ლარი.
2022
წელსვე ბურჭულაძემ 23 ათას დოლარზე მეტი ოდენობის თანხა შეიტანა
ორ ბანკში, იპოთეკური სესხის დასაფარად.
2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 1 დოლარის ღირებულება
2,67 ლარიდან 3,4 ლარამდე მერყეობდა. შესაბამისად გამოდის, რომ
დედისგან მინისტრის ოჯახმა მინიმუმ 80 ათასი ლარი, მაქსიმუმ კი 102
ათასი ლარი მიიღო საჩუქრად.
მინისტრს 8 შვილი ჰყავს. აქედან ხუთის შესახებ მონაცემები შეყვანილია
დეკლარაციაში - მათგან ერთ-ერთის სწავლის საფასური ბებიამ 5000 ლარით
დააფინანსა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის
პირები ქონებრივ დეკლარაციებში უთითებენ, რომ მშობლისგან ან მეუღლის
მშობლისგან მრავალი ათასის ოდენობის საჩუქარი მიიღეს. მაგალითად,
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 29
ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს მან
მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 150 000 ლარი. 150 000-ლარიანი საჩუქარი
ოჯახისგან მას დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.