პოლიციამ პარლამენტთან ერთი მოქალაქე დააკავა
რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ეს იმ დროს მოხდა, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მსვლელობის მონაწილეები ცდილობდნენ, მთავარი გამზირიდან თავისუფლების მოედანზე გადასულიყვნენ.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ უთხრა ჟურნალისტებს, სამართალდამცავებმა მსვლელობის მონაწილე მოქალაქეებს განუმარტეს, რომ თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა და შეეძლოთ, “აქცია პარლამენტის წინ ჩაეტარებინათ”.

სირაძის სიტყვებით, დაკავებული “ბიჭებს [პოლიციელებს] ეჭიდავებოდა” და “კორდონი გამოარღვია”, რის გამოც ის “დასაკავებელი იყო”.

მსვლელობა სახელწოდებით – “საქართველო ირჩევს ევროპას” – თავისუფლების მოედანზე გამართული ოფიციალური ღონისძიების პარალელურად ჩატარდა. მარშის მონაწილე მოქალაქეები, რომელთაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეჭირათ ხელში, შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ დაიძრნენ.

მოგვიანებით, მათმა ნაწილმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა. მანამდე მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პარლამენტთან მდგარი პოლიციის კორდონი მათ თავისუფლების მოედნისკენ არ უშვებდა. მათი თქმით, მიზეზი ის იყო, რომ მსვლელობის მონაწილეებს თან ევროკავშირის დროშები ჰქონდათ, რასაც შსს-ში უარყოფენ.

გასული წლის 26 მაისისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობის გაფორმებაში ევროკავშირის დროშები აღარ ფიგურირებს, რასაც საქართველოს არაერთი მოქალაქე პროტესტით შეხვდა. საპასუხოდ, მთავრობამ თქვა, რომ 26 მაისი “ყოველ წელს იძენს დამატებით თემატიკას”, რომელიც წლიდან წლამდე იცვლება და შესაბამისად ფორმდება ქალაქიც.

“წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“ “,
— ამბობს მთავრობა.

25 მაისს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს და მოუწოდეს, პარლამენტის შენობის ფასადზე, რომელიც 26 მაისის აღსანიშნავადაა გაფორმებული, ევროკავშირის დროშა დააბრუნონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები