ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის ახალი
აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, რომელიც დაახლოებით, ალბათ, 3-4
წელიწადს გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის
დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას
ახალი აეროპორტი აშენდება თუ უკვე არსებული აეროპორტი
გაფართოვდება.
„მთავრობის განკარგულებით, ჩვენ დავიქირავებთ რამდენიმე
საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფს, საკონსულტაციო კომპანიებს, რომელთანაც
მიდიოდა მოლაპარაკებები. გარკვეული კვლევები ამ მიმართულებით უკვე
მიდიოდა და ის შესწავლები, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს მომზადებული
ქართველ ექსპერტების მიერ, უნდა გადამოწმდეს და დამატებით კვლევები
უნდა ჩატარდეს უკვე მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად, რომ ჩვენ
მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ იქნება მაქსიმალურად
თანხვედრაში იმ გეგმებთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია ზოგადად,
ავიაციის და მათ შორის, აეროპორტების განვითარებასთან მიმართებით.
მიმდინარე წელს ჩვენ უკვე გვექნება გადაწყვეტილება მიღებული ახალი
აეროპორტი იქნება თუ ადგილობრივი აეროპორტის გაფართოება იქნება.
ადგილობრივი აეროპორტის განვითარების გარკვეული გეგმები უკვე არსებობს
და ეს დამუშავებულია, თუმცა ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა,
მინიმუმ ტექნიკური პირობები, მიმდინარე წელს განისაზღვრება. ასე რომ
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელს შევძლებთ არქიტექტურული
კომპანიის შერჩევას. ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის
დასაწყისისთვის დავიწყოთ უკვე ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც
დაახლოებით ალბათ, 3-4 წელიწადს გაგრძელდება,“ -
განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, თუ რატომ შეირჩია ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია,
მინისტრი პასუხობს, რომ ვაზიანის აეროპორტი უსაფრთხოების კუთხით,
ერთ-ერთი მიმზიდველი ვარიანტია და აღნიშნულ მდებარეობას სანავიგაციო
კუთხით ბევრი უპირატესობა გააჩნია.
„არსებულ აეროპორტს აქვს შეზღუდვები ტერიტორიებიდან
გამომდინარე, განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე. ასევე,
სანავიგაციო კუთხით გარკვეული შეზღუდვები არსებობს. თქვენ იცით, რომ
გარკვეულ კლიმატურ პირობებში აეროპორტს პრობლემები აქვს
თვითმფრინავების მიღების, ასევე ვიცით, რომ სხვადასხვა კატეგორია
არსებობს მათ შორის, ასაფრენი ბილიკის და ეს დაკავშირებულია პირდაპირ
უსაფრთხოებასთან და კლიმატურ პირობებთან. ახალ აეროპორტში ჩვენ
გვინდა, რომ მაქსიმალურად გამართული და კონკურენტუნარიანი გარემო
შევქმნათ. ვაზიანის აეროპორტი ზუსტად უსაფრთხოების კუთხით, ერთ-ერთი
მიმზიდველი ოფციაა. ეს მდებარეობა ტრადიციულიც არის და ზუსტად
იმიტომაც იყო იმ ლოკაციაზე, რომ მას სანავიგაციო კუთხით ბევრი
უპირატესობა გააჩნია,“ - განაცხადა მინისტრმა.